“ჩორჩანის საგუშაგოს” საქმე – რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა დახურულ დარბაზში

25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოწმეებს ისევ დახურულ კარს მიღმა უსმენდნენ. ანტიევროპული პოზიციით გამორჩეული პარტიის – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა გარე ძალების დაკვეთაზე და აგენტურაზე ილაპარაკა.

25 სექტემბერს სასამართლოში ასევე დაკითხეს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა 2019 წელსაც, როდესაც – სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო აშენდა.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს აგების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის აგვისტოში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

პროკურატურის თანახმად, გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი დაიკარგა.

თავად გახარია აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად დაიგეგმა.

ანთაძის დაკითხვა

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით. ეს მოწმის ჩვენებით დასტურდება”, – განაცხადა ირაკლი ანთაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების შესახებ საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ, სხდომის დასრულების შემდეგ.

პროკურორის თანახმად, მოწმე ანთაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ:

  • თავად იყო პირველწყარო, რომელმაც საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო და ეს ინფორმაცია შემდეგ ხელმძღვანელებს მიაწოდა;
  • საგუშაგოს აგების შესახებ არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

    ირაკლი ანთაძე 2019 წელსაც სუსის ანალიტიკურ სამსახურში მუშაობდა.

    სასამართლოში ჯერ არ დაუკითხავთ სუსის ყოფილი უფროსი [2015-2019 წლები], აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური, რომელიც ბოლო წლებში, 2025 წელს გადადგომამდე, შს მინისტრის პოსტს იკავებდა. 2025 წლის ივნისში, პროკურატურაში გამოკითხვისას, გომელაურმა ჩვენება მისცა გახარიას წინააღმდეგ და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაფერი იცოდა საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს აშენების შესახებ.

    ირაკლი ანთაძემ სასამართლოს ტერიტორია, 25 სექტემბერს, უკომენტაროდ დატოვა.

    “რაღაც ნაწილში ირაკლი ანთაძის ჩვენებები, რა თქმა უნდა, იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში იყო არაობიექტური და, ფაქტობრივად, შესაძლოა – ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს”, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიას ადვოკატმა და მისი პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.

    უფრო კონკრეტულად, სიჭინავას თქმით, ანთაძემ დაადასტურა, რომ “ჩორჩანის ტყეში გაკვალული იყო ბილიკები, ყვითელი მონიშვნები არსებობდა”, რაც “პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩორჩანასთან მიმართებით”. ამ ნაწილში, მოწმის ჩვენება თანხვედრაშია დაცვის მხარის პოზიციასთან.

    შაქარიშვილის დაკითხვა

    “ეს [საგუშაგოს აგება] იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თანამოაზრე და მხარდამჭერი პარტიის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, რომელიც სასამართლოში 25 სექტემბერს დაკითხეს.

    შაქარიშვილმა “ჩორჩანის საგუშაგოს” აგება ისევ გარე ძალების დაკვეთასა და აგენტების მოქმედებებს დაუკავშირა. თუმცა თქვა ასევე, რომ ზუსტად არაფერი იცის და ეს მხოლოდ მისი ვარაუდებია.

    შაქარიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ “ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე”, “მოქმედებდა ამერიკული სპეცსამსახურების დავალებით” და “დანაშაულში მოქმედებდა მარტო”.

  • ვრცლად