ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა, დაშავდა 980 ადამიანი
ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 131 ადამიანი დაიღუპა, 980 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 16 ადამიანი.
ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua იტყობინება, რომ 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ორშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამემდე მოხდა.
სტიქიის ეპიცენტრში, ჩინეთის პროვინცია განსუში, 113 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 18 ადამიანი დაიღუპა განსუს მეზობელ პროვინციაში - ცინხაიში.
მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია წყლისა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, ასევე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიმძლავრედ 5.9 მაგნიტუდა დაასახელა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.