შუშანა მაცაბერიძე: 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ პიკაპის მძღოლთან დაკავშირებას. დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას და არ აძლევს ჩვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობას

“4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ პიკაპის მძღოლთან დაკავშირებას” – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, მძღოლს დილით საჯარიმო სადგომიდან მანქანის გამოყვანაში დაეხმარნენ და ჯარიმის საფასური გადაუხადეს. ასევე გადაუხადეს კუთვნილი ანაზღაურება.

დიახ, გუშინდელ აქციაზე მე ვიქირავე მანქანა და მე დავუკავშირდი ირაკლის.

დღეს დილით აქციის პიკაპის მძღოლს, ირაკლის, დავეხმარეთ მანქანის გამოყვანაში საჯარიმო სადგომიდან, გადავუხადეთ საჯარიმო სადგომის საფასური, გადავუხადეთ კუთვნილი ანაზღაურება, წამოვიღეთ ჩვენი ტექნიკა. მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვება შეწყდა ირაკლის ვეღარ დავუკავშირდით.

უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას და არ აძლევს ჩვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ვაგრძელებთ მასთან დაკავშირების მცდელობას.

როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის პიკაპის მძღოლი, რომელსაც ტყუილებს ალაპარაკებენ.

ასე ექცევა სისტემა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ელემენტარული შემოსავლის მისაღებად მძიმედ შრომობს. ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს ავტომობილი, მართვის მოწმობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულებენ მათთვის სასურველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

ამ დროისთვის ვცდილობთ ვითარებაში გარკვევას. ყველა ადამიანთან, ვინც ერთი ლარი მაინც ჩარიცხა ირაკლის დასახმარებლად, თავს ვგრძნობთ ანგარიშვალდებულად და გვინდა გითხრათ, რომ თუ მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვაპირებთ, თანხა გადავრიცხოთ პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ფონდში,” – წერს შუშანა მაცაბერიძე. 

ცნობისთვის, ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის აქციაზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანა, პოლიციამ ღამით ნიკოლაძის ქუჩაზე გააჩერა, 1000 ლარით დააჯარიმა და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოართვა.

მოქალაქეებმა აქციის პიკაპის მძღოლის დასახმარებლად 12 საათში 22 485 ლარი შეაგროვეს.