„ქრონიკა +“-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის გამოყოფილი საქმის განხილვა, პროკურატურის შუამდგომლობით, ამჯერადაც დახურეს.
ელისო კილაძის საქმეზე, რომელიც ქოლცენტრების სხვა საქმიდან გამოიყო, დღეს წინასასამართლო სხდომა შედგა. თავად ბრალდებული კვლავ არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას დახურვის შესახებ და ამბობს, რომ მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, საჯაროობა მნიშვნელოვანია და ის მამუკა მდინარაძის პირადი ტყვეა.
პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი პოზიციას ასაბუთებს იმით, რომ „საქმის მასალები შეიცავს ინფორმაციას ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან დაკავშირებით“. გარდა ამისა, არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, მათ შორის, სასამართლოში დაკითხვის წინ.
სანამ სხდომის დახურვის შესახებ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ელისო კილაძემ სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და თავისი პოზიცია გამოხატა.
„ამ მოწმეების ვინაობა თვეებია ცნობილია, არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა არც ჩემი ოჯახის და არც არავის მხრიდან. ეს არის ყურით მოტანილი მიზეზი. 3 თვეა აკრძალული მაქვს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია. მისი ცნობადობის გათვალისწინებით, საზოგადოებას დაარწმუნებს თავის უდანაშაულობაშიო, წერენ დადგენილებაში. ეს არის დახურვის რეალური მიზეზი.
მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს მე არ ვაღიარებ. ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება. იმიტომ, რომ მე გამოვაქვეყნე მისი კრიპტო-საფულე. დიდი ალბათობით, ამავე ხელისუფლების პირობებში იქნება მისი საქმე გამოძიებული. ციხეში დავალპობო, ასეთი სიტყვა აქვს ნათქვამი. ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის [ციხის] სამთავრობო კვარტალში.
მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, ჩემი პოსტები წაშლილია, ნერვებს უშლიდა ჩემი მილიონიანი ლაივები. ეს შეთქმულების თეორია არ არის, მისი პირადი ტყვე ვარ. ელოდა, რომ ვიტირებდი, აღმოჩნდა, რომ ციხემ ვერ გამტეხა. ვეუბნები მედიას, ბოლომდე იქნება ეს ბრძოლა. ამის გეშინიათ, რომ ეს საქმე ჩამოიშლება. ამიტომ ხურავთ ამ პროცესს, რომ ჩუმად გამასამართლოთ. რამდენი ხნით შეზღუდავთ? კიდევ 6 თვე? 9 თვე რომ გავა, მერე ხომ ვეღარ გამაჩუმებთ?
6 წერილი გავუგზავნე გენერალურ პროკურორს, ხომ უნდა ვიცოდე, ვინ გამოიძია ჩემი საქმე, მათ შორის სუს-დან. პასუხი არ მიმიღია. მე მაქვს [ინფორმაცია] ჩემი საქმის მთავარ მოწმეზე, გივი ჯიბლაძეზე ზემოქმედების შესახებ. ვის უსაფრთხოებაზე ლაპარაკობთ?!
თითქოს მე ვიყავი ორგანიზებული ჯგუფის მონაწილე. თქვენ აფარებთ ხელს ამ ჯგუფს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ? გამასამართლონ საჯაროდ. მესმის სისტემა, მაგრამ ეს სისტემა ყანყალებს და კოორდინატორ მდინარაძეს ის უფლებამოსილებები აღარ აქვს, რაც ჰქონდა სუს-ში. არ იქნება მდინარაძე, არ იქნება გვარაკიძე.
ვისაც ჩემი იმედი გაქვთ, ბოლომდე გქონდეთ. უკან დახევას არ ვაპირებ. მე ვლაპარაკობ ფაქტებზე, არ მქონია ქოლცენტრებთან შეხება, ფულს, რასაც მაბრალებენ, ეს იყო მედიის დაფინანსება. მაბრალებენ იმას, რასაც ვებრძოდი. მეუბნებიან, რომ ვარ თაღლითი და ფულის გამთეთრებელი. უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასამარონ ჟურნალისტი ელისო კილაძე. ჰოდა, გამასამართლეთ საჯაროდ!
[…] ამ სასამართლოშიც მაქვს სამართლიანობის იმედი. მინდა ვთქვა, რომ ციხე არ არის განაჩენი, იქ მუშაობენ ძალიან კარგი ადამიანები, სამედიცინო პერსონალის ჩათვლით, რიგითი ბადრაგით დაწყებული. კმაყოფილების მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. წიგნს ვწერ, რომ იცოდეთ. იქნება ძალიან სკანდალური. არ ინერვიულოთ ჩემზე“, — თქვა ელისო კილაძემ.
ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მასთან ერთად იმავე საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ მიმალვაში მყოფ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულ ძმებ მიქაძეებს, სულ 10 პირს. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა თაღლითურად, ფულის გათეთრების მიზნით და ფლობდა ათეულობით ქოლცენტრს.
„ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა“, — წერია ბრალის დადგენილებაში ელისო კილაძესთან დაკავშირებით.
ელისო კილაძის საქმე ცალკე გამოიყო იმაზე დაყრდნობით, რომ მის ნაწილში გამოძიება დასრულებულია. დანარჩენების მიმართ წარდგენილი ბრალი კი ელისო კილაძესთან შედარებით მეტ მუხლს და მეტ ეპიზოდს მოიცავს.
„25 მაისს არის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, იურისტებს და საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ და შეიქმნას პეტიცია სასამართლო პროცესების გახსნის და საჯაროობის მოთხოვნით! ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეუშვან სასამართლო დარბაზში.
პროკურატურამ საქმეს გრიფი საიდუმლო დაადო. არც მას, არც ოჯახის წევრებს და ადვოკატებს არ აქვთ საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება საქმის მიმდინარეობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში პირობების გამკაცრებით ემუქრებიან 56 წლის ქალს! ჟურნალისტს! მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმიანობის და შეუპოვრობის გამო!
არ აქვს ზარის განხორციელების უფლება, წერილის დაწერის ან მიღების უფლება. 3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია, 3 თვეა ადვოკატების სიტყვას ვენდობი, რომ მხნედაა და არაფერი უჭირს. გახსენით სასამართლო პროცესი“, — წერდა ელისო კილაძის შვილი, მარიამ ხარშილაძე 8 მაისს.




