შსს – პოლიციამ თბილისში კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავა – კიდევ ორი პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.