ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს მოქალაქის ცემაზე: იყო ნასვამი, პოლიციის ავტობუსს არ მისცა გადაადგილების საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე პოლიციის მიერ მოქალაქის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მანქანის მძღოლსა და სამართალდამცველებს შორის "დაპირისპირება" გამოიწვია მოქალაქის უარმა, გზა დაეთმო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსისთვის. შსს-ს მტკიცებით, მძღოლი, რომელიც პოლიციელებმა სცემეს, ნასვამი იყო.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით
გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.
საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.
საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში". - წერს შსს.
თვითმხილველის ცნობით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, იმის გამო, რომ გზის დათმობაზე უარი უთხრა, სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს. სოციალურ ქსელში აღნიშნული შემთხვევის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.