შენგელიას 20 ქულა და 10 მოხსნა "ბრეშასთან" - თოკო ბრწყინვალე ფორმაშია [VIDEO]
![შენგელიას 20 ქულა და 10 მოხსნა "ბრეშასთან" - თოკო ბრწყინვალე ფორმაშია [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/23e0779229a84cb89d51346e9f1d5630-S9caKX.jpeg)
თორნიკე შენგელიას გამორჩეული შედეგიანობა და მისი "ვირტუსის" დასანანი მარცხი სერია A-ში. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლონიური კლუბი სტუმრად "ბრეშას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 97:98 დამარცხდა.
"ვირტუსის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა თორნიკე შენგელიამ. მან 32 წუთში 20 ქულას, 13 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თოკომ 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, მან ბურთის ჩაგდება პერიმეტრიდან ოთხჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ შენგელიამ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ
4-ჯერ დაჯარიმდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე "ვირტუსმა" წინ გასვლა 5 ქულით მოახერხა. ბოლო პერიოდამდე ბოლონიელებმა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, თუმცა, "ბრეშამ" თამაში მაინც გადაარჩინა და საბოლოო ჯამში, 1 ქულით მოიგო.
მასპინძლების მხრიდან საუკეთესო 24 ქულით ჯეისონ ბერნელი იყო, 22 ქულა კი ნიკოლა ივანოვიჩს ჰქონდა.
"ვირტუსს" 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ შედეგით მეორე ადგილს "ტრაპანისთან" და "ბრეშასთან" ერთად იყოფს. მომდევნო ტურში, 8 დეკემბერს შენგელიას გუნდი ოლიმპია "მილანოს" დაუპირისპირდება.
GBF
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.