შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “ვალდებული არავინაა, ცილისწამება აიტანოს.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ცილისწამებაარ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და  ყველას მიმართ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები.

თავისთავად ასეც უნდა იყოს, არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება.

ჩვენ წლების განმავლობაში სამწუხაროდ გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის აბსოლუტური აცდენა, თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას.

კიდევ  ერთხელ, ცილისწამება, სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. 

ამიტომ, ყველა, ვინც ცილს სწამებს, ყველა, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, ყველას მიმართ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან, ცილისწამებაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჰიბრიდული კამპანიებისა იმისთვის, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები, – ამბობს პაპუაშვილი.

ბერა ივანიშვილი სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც მის მიმართ „ქოლ-ცენტრების მფარველობასთან“ დაკავშირებულ და სხვა ბრალდებებს გააჟღერებს – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს.

როგოც ბერა აცხადებს, მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ასათიანი დაიცავს.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ვაჟი აცხადებს, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ „კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია“ მიმდინარეობს.

“მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი” – წერს  ბერა ივანიშვილი.