„შავი პარასკევი“ ქართულად – რას უნდა ველოდოთ წელს კომპანიებისგან

„შავი პარასკევი“, რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, წელს 24 ნოემბერს იქნება. ქართული კომპანიები ბოლო წლებია აქტიურად უერთდებიან საერთაშორისო ფასდაკლებების ტრენდს, თუმცა „შავ პარასკევს“ მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 20-30% -იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა -სა და ევროპაში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.
ფასდაკლებების კუთხით საქართველოში გამორჩეულია სააფთიაქო ქსელები, ტექნიკის მაღაზიების ნაწილი და სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტები.
როგორც „კომერსანტთან“ სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ში განუცხადეს, მსგავსი ფასდაკლებები რომელიც ცნობილ ბრენდებზე განახევრებულ ფასებს გულისხმობს მომხმარებლებისთვის ერთგვარი მადლიერების გამოხატვის ნიშანია და მსგავს ტრენდს კომპანია ყოველთვის აქტიურად უერთდება.
ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ ამბობენ, რომ მათთან „შავი პარასკევი“ ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ერთგულ მომხმარებლებს სხვა პროდუქციასთან ერთად, საახალწლო ნივთებზეც სთავაზობენ სხვადასხვა აქციებს.
რაც შეეხება კონკრეტულ სავაჭრო ცენტრებს, „სითი მოლში“ სხვადასხვა მაღაზიებში ძირითადად 20-30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, განახევრებული ფასები მხოლოდ რამდენიმე მაღაზიას აქვს და ისიც მხოლოდ შერჩეულ პროდუქციაზე. ყველაზე დიდი ფასდაკლებები აქ პარფიუმერიის და თეთრეულის მაღაზიებშია.
„ისთ ფოინთში“ ტანსაცმლის მაღაზიები მომხმარებლებს შუასეზონურ ფასდაკლებების ფარგლებში შერჩეულ კოლექციაზე 50%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობენ, ფეხსაცმლის და თავის მოვლის მაღაზიები კი 30%-40%-მდე ფასდაკლებებს აცხადებენ.
„თბილისი-მოლის“ ინფორმაციით, ფასდაკლებები აქაც სხვა მოლების მსგავსად ძირითადად 20-30%-ის ფარგლებშია და მხოლოდ კონკრეტული მაღაზიების შერჩეულ კოლექციებზე ნახევრდება ფასები. ყველაზე მაღალი ფასდაკლება, რომლითაც მომხმარებელი „თბილისი მოლში“ დახვდება Ferro-ა, სადაც ამ დროისთვის 50%-იანი ფასდაკლება არის გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ 24 ნოემბერს სავაჭრო ცენტრები და მაღაზიების უმეტესობა ფასდაკლებებთან ერთად მომხმარებლებს გათამაშებებს და საჩუქრებს ჰპირდება.
„შავი პარასკევის“ ტრადიციას საქართველო ბოლო რამდენიმე წელია უერთდება – გასულ წელს ამ დღის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2021 წლის შედეგებს 9%-ით გადააჭარბა. მაღაზიებს შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები ლიდერობდნენ.
„შავი პარასკევი“ – მადლიერების დღის მეორეა დღე აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.