5 რჩევა, რომელიც „შავ პარასკევს“ უნდა გაითვალისწინოთ

შოპინგისთვის საუკეთესო პერიოდი „შავი პარასკევი“ ახლოვდება. წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 24 ნოემბერი იქნება. ამ დღეს, ტრადიციულად, თითქმის მთელ მსოფლიოში სავაჭრო ობიექტები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ და ჩვენც მეტი ხარჯვისკენ ვართ მიდრეკილი.
„კომერსანტი“ გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც „შავ პარასკევს“ უნდა გაითვალისწინოთ, რათა ფული სწორად დახარჯოთ:
1. შეადგინეთ საყიდლების სია
რამდენიმე დღით ადრე ჩამოწერეთ სია, რის ყიდვასაც გეგმავთ „შავ პარასკევს“ და რაც აუცილებლად გჭირდებათ. საყიდლების სია დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსარგებლო ნივთების შეძენას და მარტივად შეძლოთ იმ მაღაზიების შერჩევა, სადაც თქვენთვის სასურველი პროდუქცია შესაძლოა იყოს.
2. განსაზღვრეთ ბიუჯეტი
წინასწარ განსაზღვრეთ ის ბიუჯეტი, რომლის დახარჯვასაც გეგმავთ. ფასდაკლებების დაწყებამდე გადახედეთ სასურველი ნივთების ფასებს, იმისათვის, რომ უფრო მარტივად განსაზღვროთ ბიუჯეტი და შემდეგ უკვე ზუსტად იცოდეთ, დააკლდა თუ არა თქვენთვის სასურველ ნივთს „შავ პარასკევს“ ფასი (სამწუხაროდ, ხანდახან ფასდაკლება რეალური არ არის).
არ იქონიოთ თან იმაზე მეტი თანხა, რამდენის დახარჯვასაც გეგმავთ. ონლაინ შოპინგისას, ეცადეთ ბარათზე მხოლოდ აუცილებელი ნივთების შეძენისთვის საჭირო თანხა გქონდეთ.
3. არ იყიდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებულია
ბევრი საინტერესო შეთავაზება ისეთ ნივთებზე კეთდება, რომლის ყიდვასაც არ აპირებდით და სიაში არ გქონდათ. სანამ რაიმეს შეიძენთ, დაფიქრდით: ყიდულობთ იმიტომ, რომ გჭირდებათ და გამოიყენებთ, თუ მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ფასი აქვს.
4. ონლაინ შოპინგისას ნივთები მხოლოდ სანდო ვებგვერდებზე შეიძინეთ
თუ ნივთის შეძენას ინტერნეტით გეგმავთ, კარგად შეისწავლეთ შერჩეული ვებგვერდი და მომწოდებელი კომპანია, რამდენად სანდოა და გამოცდილი, როგორი რეიტინგი და შეფასებები აქვთ, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. ასევე დეტალურად გაეცანით პროდუქტის აღწერას, რათა ზუსტად იცოდეთ რა ნივთს იძენთ. წაიკითხეთ შესყიდვის, მიწოდებისა და უკან დაბრუნების პირობები.
5. დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები
ონლაინ შოპიგისას ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანისას, რათა თქვენი ბარათის ინფორმაცია კიბერთაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს. დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც ბარათის მონაცემები შეგყავთ, ის უნდა იწყებოდეს https://-ით, რათა თქვენი ინფორმაცია დაშიფრულად გაიგზავნოს. არასდროს არ გაუზიაროთ ბარათის მონაცემები, განსაკუთრებით უსაფრთხოების CVV/CVC კოდი მესამე პირებს. სასურველია, ონლაინ შესყიდვებისთვის ცალკე ბარათი გქონდეთ, რომელზედაც ზუსტად იმდენ თანხას განათავსებთ, რამდენის დახარჯვასაც გეგმავთ.
ცნობისთვის, პირველად ტერმინი – „შავი პარასკევი“, -ში მეცხრამეტე საუკუნეში, კერძოდ 1869 წელს გამოიყენეს და თავდაპირველად მას ფასდაკლებებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ვებ გვერდმა – History.com რამდენიმე წლის წინ ამ თემაზე საინტერესო სტატია გამოაქვყენა. 1864 წლის 24 სექტემბერს, ამერიკის ოქროს ბირჟაზე კრიზისი დაიწყო, რის გამოც ბევრი ადამიანი გაკოტრდა და სწორედ ამ დღეს უწოდეს „შავი პარასკევი“. კიდევ ერთი მოსაზრებით, ნოემბრის თვის ბოლო პარასკევს – „შავი პარასკევი“, 1950-იან წლებში, მადლიერების დღის (Thanksgiving) მეორე დღესთან დაკავშირებული საცობების გამო დაერქვა.