ყაზახეთში მასშტაბური წყალდიდობაა

ყაზახეთის ათ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მასშტაბური წყალდიდობის გამო. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 200-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალურად დადასტურებულია ორის სიკვდილი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დატბორილია 5000-ზე მეტი სახლი. წყლით დაფარულია საავტომობილო გზები. სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვეტილია 61 დასახლებულ პუნქტში. დანგრეულია ხიდები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვიან.
ყაზახეთში, თითქმის ყოველ გაზაფხულზე იწყება თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. წელს, მდინარეებიდან წყლის გადმოსვლა მარტის ბოლოს დაიწყო და ერთი კვირის განმავლობაში მოიცვა 10 რეგიონი.
როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური წერს, მიუხედავად მთავრობის მუდმივი განცხადებებისა, რომ პრევენციულ ზომებს მიმართავენ, წლევანდელმა წყალდიდობამაც დაადასტურა, რომ რეალობა სხვაგვარია.
არასაკმარისი და უხარისხო დამცავი ნაგებობების გარდა, პრობლემად ასახელებენ წყალსაცავების არასწორად ექსპლუატაციას და მდინარეების სათავეების და არხების დაბინძურებას.
ყაზახეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი, რომელიც საგანგებო სიტუაციების სფეროს ხელმძღვანელობდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ