ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაყინვა შესაძლებელია “სტამბოლის 2.0 შეთანხმებების” საფუძველზე.
- ეს იშვიათი მოწოდებაა რუსეთის ლიდერთან პირისპირ საუბრისას.
- ყაზახეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა უკრაინასთან ომში მოსკოვის მიმართ მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებია.
თოყაევის შეფასებით, „რაც ახლა ხდება, მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს აძლევს სარგებელს.“
„როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან? არავინ იცის, რადგან ორივე მხარის პოზიციები არსებობს. მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს მომენტი და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გაიყინოს,“ – განუცხადა თოყაევმა პუტინს.
მანვე დაამატა: „სამწუხაროა; ახალგაზრდები იღუპებიან… ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს.“ „მე გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული აზრის გამოთქმა, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ომსკში ყოფნას ვგეგმავდი,“ – განაცხადა თოყაევმა პუტინის პირისპირ შეხვედრისას.
როგორც თოყაევმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომების სათავეები „ნათელია“, რუსეთისა და უკრაინის კოფლიქტის შემთხვევაში, ამის გაგება ძალიან რთულია.
„ამ კონფლიქტის სათავე ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვის გაუგებარია,“ – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპიდან და აშშ-დან „ბევრ სიგნალს“ იღებს.
როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ “თოყაევს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის” ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.
შეხვედრა რუსეთში, ომსკში, რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შაბათს, 24 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა ციმბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს და ურალის მძლეოსნობის შეჯიბრი ჩაშალეს.




