ყაზანში პიკეტის მონაწილეებს ოქმები შეუდგინეს პლაკატებზე ალსუ კურმაშევას ხსენებისთვის

ყაზანში 10 დეკემბერს ჟურნალისტების დასაცავად გამართული აქციის ორგანიზატორის, დარინა ლუნცოვას წინააღმდეგ შედგა ოქმი „საჯარო ღონისძიების ორგანიზების წესების დარღვევის“ თაობაზე. ამის საბაბი იყო პლაკატზე რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას ხსენება. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინებოდა SOTA.
ლუნცოვას გარდა ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს პიკეტის ერთ-ერთ მონაწილეს, ისკანდერ იასავეევს. მას ეჭირა პლაკატი „ალსუ კურმაშევა ჟურნალისტია და არა ბოროტმოქმედი“, იტყობინება Idel.Реалии.
10 დეკემბერს ყაზანში გაიმართა მასობრივი პიკეტი მასმედიის თანამშრომლებზე ზეწოლის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეთა მრავალ პლაკატზე მითითებული იყო იმ ჟურნალისტების სახელები, რომლებიც პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს დაიღუპნენ ან დევნას განიცდიან.
აქტივისტებთან მივიდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომელი და პიკეტის მონაწილეებს მოსთხოვეს, მოეშორებინათ პლაკატი, რომელზეც კურმაშევა იყო ნახსენები. აქტივისტებმა მოთხოვნა შეასრულეს, მაგრამ მათ მაინც შეუდგინეს ოქმები.
· ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ ს ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
· 26 ოქტომბერს ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თათრეთის უზენაესმა სასამართლომ ალსუ პატიმრობაში დატოვა.
· ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “მემორიალმა” ალსუ კურმაშევა პოლიტპატიმრად აღიარა.
· ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, “ეროვნულმა პრესკლუბმა”, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ -ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.
· ალსუ კურმაშევას დაკავება დაგმეს კანადის, ჩეხეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და შვედეთის მთავრობებმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმამ ალსუს გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს