ქურდოვანიძე: ამ პროექტებს შორის არცერთი არ არის ადამიანის უფლებების ადვოკატირებაზე

ქურდოვანიძე: ამ პროექტებს შორის არცერთი არ არის ადამიანის უფლებების ადვოკატირებაზე
14 აპრ 202617:01
მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია, როგორ მუშაობს მთავრობის თანხმობით გრანტის მიღების მექანიზმი. ანგარიშის ავტორს მოჰყავს პრემიერ მინისტრის მიერ მასთან ნათქვამი ფრაზა – თუ განსახილველ გრანტს ,,არ აქვს პოლიტიკური შინაარსი“, თანხმობა გაიცემა.
იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ამას ეუბნებოდა ანგარიშის ავტორს, პარლამენტში განიხილებოდა ,,გრანტების შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებების პროექტი, რომლითაც, გრანტის ცნება გაფართოვდა. კანონს ასევე დაემატა ,,პოლიტიკური საქმიანობის“ დეფინიცია. ასეთად კი ჩაითვალა ყველაფერი, რასაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ნებისმიერ სფეროში. მაგალითად, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციის განცხადებაც, თუ ის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შეცვლას ითხოვს.
გრანტების შესახებ კანონის ბოლო რედაქციასა და მოსკოვსი მექანიზმის ანგარიშში ასახულ ფრაზას თუ ერთობლივად შევხედავთ, მგონი, კითხვასაც არ იწვევს, რომ ვერცერთი გრანტი ვერ მიიღებს თანხმობას, თუ მას საზოგადოებაზე რაიმე გავლების მოხდენის პოტენციალი აქვს. ანგარიშში ასევე მოცემულია სტატისტიკა, რომ 97% გრანტებზე თანხმობა გაიცა. მხოლოდ ამ პროცენტს თუ შევხედავთ, პრობლემა თითქოს არ ჩანს, ისე გამოდის, რომ თუ მიმართავ, თანხმობას მიიღებ, თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის. ამაში დავრწმუნდებით თუ ვნახავთ რა შინაარსის გრანტებზე გასცემს მთავრობა თანხმობას. ამ პროექტებს შორის არცერთი არ არის ადამიანის უფლებების ადვოკატირებაზე, სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, მართლმსაჯულებაზე, საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე და ზოგადად, მედიაზე, არჩევნებზე, კორუფციაზე და ა.შ.
თანხმობები გაცემულია ძირითადად ისეთ პროექტებზე, რომლებიც რაიმე ტიპის სერვისის მიწოდებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, მთავრობა თანახმაა კიბორჩხალის წარმოების განვითარებაზე იმუშავო, მაგრამ ვოჩდოგი ორგანიზაციების სამუშაო თემატიკა საერთოდ გამქრალია ამ სივრციდან.
ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ორგანიზაციას გრანტის განკარგვაზე უარი მიწერეს იმ დასაბუთებით, რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.