ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი, რომელიც თბილისში იმყოფება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან საქართველოში არსებულ რეპრესიულ გარემოზე ისაუბრეს.„შედგა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში, მათ შორის იმ შემზღუდველ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიემართება როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროებას, ასევე ჟურნალისტებისთვის საოპერაციო სივრცეს, ასევე პროტესტთან მიმართებით და ასევე ვისაუბრეთ იმ საქმეების გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სისტემურ წამებას და უცნობი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას დემონსტრანტებთან მიმართებით“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა.„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩევლის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს აინტერესებდა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის პოზიციები და მოსაზრებები იმისთვის, რათა მან საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი მოამზადოს.„ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმ კუთხითაც, რომ „ქართული ოცნება, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველებს უარყოფს, გარკვეულწილად, როგორც ზედმეტს და კრიმინალად აცხადებს ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა კომისარი ხვდება, ისმენს და მიიჩნევს, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს, რაც კარგი დასტურია იმისა, რასაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ახორციელებენ“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მან შეხვედრა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგომარეობაზე.„[ვისაუბრე] ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგომარეობაზე, თუ რა, როგორ უწევთ მუშაობა, რა პირობებში აგრძელებენ თუ არა მუშაობას, იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ორგანიზაციას, გამომდინარე იმ კანონებიდან, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რამდენად შეზღუდული არის მუშაობა და ასე შემდეგ. ეს იყო ის საკითხები, რომელზეც გავამახვილე ყურადღება“, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.„მედიის განვითარების ფონდის“ და დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოუძიებლობაზეც იყო საუბარი.„მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორი არის რეპრესიული გარემო, რომელშიც არასამთავრობოებს და მედიას უწევს ფუნქციონირება. მათ შორის ვისაუბრეთ შერჩევით სამართალზე, როდესაც არ ხდება ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიება, ასევე მარეგულირებელი შერჩევითად იყენებს დაფინანსების შემზღუდავ კანონმდებლობას კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედიების წინააღმდეგ“, – განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.„კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში მდგომარეობა, რეპრესიები იზრდება. პრაქტიკულად ყველა ორგანიზაცია, ყველა დამოუკიდებელი ჯგუფი არის ზეწოლის ქვეშ. ის, რომ დაუსჯელობა ქვეყანაში კვლავ გრძელდება, ეს არ ხდება შეუმჩნეველი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და შესაბამისად აისახება მათ საქმიანობაში ის რეალური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი“, – განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.



