ქრთამის აღებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი – ზ.ჯ. დააკავეს. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 800 ლარი გამოართვა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი – ზ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას”,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“