ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება.
ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.
როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა ის სხვა თანამდებობას დიპლომატიურ სამსახურში და ვინ იქნება ავსტრიაში საქართველოს ახალი ელჩი.
ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა, ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. საქართველოს კანონმდებლობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის არის 4 წელი, თუმცა მინისტრს შეუძლია ამ ვადის გახანგრძლივება. ელჩებს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.