„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: ჩივთქილისას, კაბურისა და ხაჩკოვის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა ამომრჩეველთან.
„ჩემთვის რეგიონი კარგად ნაცნობია და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, თქვენთან ერთად, შესაძლებლობა მექნება, კიდევ უფრო სიღრმისეულად განვიხილო არსებული გამოწვევები და დავსახო მათი მოგვარების გზები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე შესრულებულია მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები და აუცილებლად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
საარჩევნო შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი ესწრებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.