ქართული ოქრო რუსი ოლიგარქების ხელში – ქვემო ქართლის ეკოციდი

დარბაზის ხეობის სოფლები – ფოცხვერიანი, გეტა, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში და დარბაზი, კარიერების ალყაში ექცევა. „არემჯის“ (RMG) გაუდაბნოების ტალღა, რომელსაც საყდრისისა და კაზრეთის შემოგარენში წლების განმავლობაში უყურებენ, ახლა მათ სახლებს უახლოვდება.

ადგილობრივებმა საფრთხე მაშინ იეჭვეს, როცა მთებში მძიმე ტექნიკის აქტიურობა შეამჩნიეს. მუნიციპალიტეტის მერიას პასუხი არ ჰქონდა, სიმართლე კი დრონით გადაღებულმა კადრებმა გამოააშკარავა: მიუვალ მთაზე სამუშაოები იყო გაჩაღებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე შეშფოთებულ მოსახლეობას განუმარტეს, რომ საქმე ლიცენზირებულ საქმიანობას ეხება და სანერვიულო არაფერია.

მოსახლეობისთვის ეს ბრძოლა გადარჩენის ტოლფასია. „არემჯის“ კარიერები ჰექტრობით საძოვრებს ყლაპავს, მესაქონლეობა კი აქაურების მთავარი შემოსავალია.

„რიგითმა ადამიანმა რომ ხე მოჭრას, აჯარიმებენ. ესენი კი პირწმინდად ჩეხავენ და არაფერი. 46 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რძის პროდუქტებია – ყველი, კარაქი. ჰაერს აბინძურებენ და ბუნებას ანადგურებენ. ამ მთის იქით გადასვლა უკვე შეუძლებელია, ყველაფერი იმათ აქვთ დაკავებული“, – ამბობს ადგილობრივი ალმაზ ნასიბოვი. აბდაქარ ყურბანოვი კი დასძენს: „სოფელში 800-1000 მსხვილფეხა საქონელი იყო, წელს 250-მდე შემცირდა. საძოვრები აღარ არსებობს“.

ადგილობრივები იხსენებენ, როგორ იღებდნენ მიწიდან უძველეს არქეოლოგიურ ნივთებსა და ადამიანების ძვლებს, რომლებსაც კარიერების გაფართოებისას უდიერად ეპყრობოდნენ. „უამრავი საფლავი გაითხარა. ძვლებს ცელოფნის პარკებში ყრიდნენ და ისე გაჰქონდათ. სადაც ქარხანაა, იქ ჩიტებიც კი არ დაფრინავენ“, – ჰყვებიან სოფლის მკვიდრნი.

სასაფლაოს გათხრა და ყველა ის საქმიანობა, რაც „არემჯის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ ხორციელდება, ახალი ტერიტორიების ძებნა-ძიებას ემსახურება – იმის განსაზღვრას, რამდენი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ამოღებას მოახერხებენ ახალი საბადოდან ყოველწლიურად.

ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იქ ფერადი ლითონების მოპოვება დროებით მაინც შეაჩერა არქეოლოგიური ზონის შენარჩუნების მიზნით.

ვრცლად