ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს მას შემდეგ იკავებს, რაც მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.
ამავე სიაში ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდია.
ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.
2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა და ის 6.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. კომპანიის აქციების საწყისი ფასი 33.7 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად ერთი აქციის ღირებულება $120-ია, ხოლო მისი ბაზრის მოცულობა $23.3 მილიარდს აღემატება.
Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან "ხალხის მადლიერების" საპატიო მედალი მიიღო.
მიხეილ ლომთაძე ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.