ქანიე უესთის კონცერტის გამო, მეტრო და ავტობუსები 13 ივნისის 02:00 საათამდე იმუშავებს

12 ივნისს დინამო არენაზე გასამართი ქანიე უესთის კონცერტის გამო, თბილისის მეტრო და ავტობუსების ნაწილი მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“12 ივნისს დინამო არენაზე ცნობილი ამერიკელი რეპერის, ქანიე უესთის კონცერტი გაიმართება, რომელსაც საქართველოშიც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მსმენელების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან”. – თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, დინამო არენას მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა 12 ივნისის 07:00 საათიდან შეიზღუდება.
“პირველადი შეზღუდვა სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს შეეხება, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება დინამო არენას შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიაზე. შეზღუდვის პერიოდში, მანქანები გადაადგილებას მიმდებარე ქუჩების გამოყენებით შეძლებენ”. – განაცხადა კალაძემ.