იურისტი ფოკი ფაჩულია:
27 სექტემბერს, 33 წლის წინ დაბნებული, დამარცხებული დევნილები ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგებიან გადარჩენის მიზნით. მათმა უმეტესობამ არ იცის ზუსტად როგორია ეს გზა. მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის მაღალ-მაღალი, რთული, უცნობი, გრძელი. რომ მათ ამ გზის გასავლელად აქვთ არაფერი. მხოლოდ ბავშვები ვერ ხვდებიან სირთულის მასშტაბს.
ამგვარ რელიეფზე სიარული მოხუცებისთვის სასიკვდილო განაჩენია. ამიტომ ნაწილი სახლებში, აფხაზეთში ტოვებს თავიანთ მოხუცებს. იმ იმედით, რომ მოხუცებს არავინ შეეხება. არც ისე მოგვიანებით, აღმოჩნდება, რომ ავანსად არავისზე ღირს კეთილი ფსონების დადება.
უღელტეხილის მკაცრი ალპური ბუნება გადაწყვეტს ვინ გაივლის ცოცხლად მას და ვინ გადავარდება ხრამში. კლდოვანი, ციცაბო, ვიწრო-ვიწრო, საცალფეხო გზა განსაკუთრებით არამეგობრულია ომისგან გადაღლილებისთვის. მათგან ასაკის ამოკითხვაც ჭირს, რადგან მას შემდეგ, რაც სოხუმში პირველი ტყვია გავარდა უმეტესობა მათგანი გადათეთრდა და ზეზეულად დაბერდა.
13 თვე და 13 დღე დაუსხლტნენ სიკვდილს და ირონიულია „სამშვიდობოს“ ვერ გააღწიონ თავი. ამ გზასაც თუ სამშვიდობო ქვია.
დაადგა 100 000-ზე მეტი დევნილი გოლგოთას და მათი სვლის პარალელურად სიცივისგან და შიმშილისგან გამოფიტული სხეულები ვარდებოდა ძირს. მცირე მათგანს მესაფლავეებად ოჯახის წევრები გამოუჩნდნენ. მაგრამ იქ ისეთი ადგილებიცაა, სადაც ოჯახის წევრსაც კი უწევს ადამიანის დაუმარხავად მიტოვება.
მსხვერპლს პატივი უნდა მივაგოთ და თან არც პურის მომწოდებელი სვანები არ უნდა დავიწყოთ. უდიდესი სირცხვილი დაგვემართა მთელ ქვეყანას ისედაც განწირულ გზაზე. ამიტომაც მთელი ძალით მორბოდნენ და დაწევას ცდილობდნენ კაცები ქალები და ბავშვები რომ გადაერჩინათ.
„გაჭირვებულს ქვა აღმართზე დაეწიაო“ იყო ოქტომბერში უღელტეხილზე მოსული თოვლი.
დაზუსტებით არავინ იცის რამდენმა ბავშვმა, ქალმა, დაჭრილმა და მოხუცმა ვერ შეძლო თოვლიანი უღელტეხილის გადმოვლა ცოცხლად. მითუფრო ღამე. თითქოს თვითმხილველებიც აღარ ითვლიდნენ რამდენიმე დღის შემდეგ. მაგრამ გადარჩენილები ნათესავების ქალაქებში გადანაწილდნენ. საიდანაც იწყება ყველა დევნილის ომისშემდგომი ახალი ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, ომის გადაგრძელებაა.
ერთხელ მეგობარმა მითხრა, მაშინ ხომ ყველას გვიჭირდა, მაგრამ დევნილებს სუნით ვცნობდიო. აცეტონის სუნი ჰქონდათო. ხომ იცით რისი სუნია ეს? შიმშილის.
და, ვინც არ იცის ან არ უნდა იცოდეს, რაც ომამდე, ომში და ომის შემდგომ დაგვემართა, ამ ზღვარგადასული ბოროტების ავტორი არის რუსეთი.
რაც შემეხება მე : ) მე მახსოვს უღელტეხილიდან არაფერი. ეს არის, ალბათ, ძალიან დიდი გამართლება ჩემთვის. განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებიც ასაკობრივად ყველაფერს ხედავდნენ, გრძნობდნენ, იმახსოვრებდენ. ამ წარმოუდგენელ გაუგებრობაში მივლიდა ყველა.
სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგ ამაყი ქართველი ხალხი პატივს მიაგებს და შეიხსენებს ყველას, ვინც სამშობლოსთვის იბრძოდა. არც წელს მოიჭრა თავი პატივისგებაში.
წელსაც დაიღრიალა:
აფხაზეთი საქართველოა!
დიდება გმირებს!
რუსეთი მტერია!
ავე, ქართველებო




