ფოთში $5 მილიონიანი ინვესტიციით ახალი ნავმისადგომი აშენდება - „Pace ჯგუფს“ მიწის ნაკვეთი ლარად გადაეცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „Pace ჯგუფის“ კომპანია „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურს“ ახალი ნავმისადგომის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორია აღნაგობის უფლებით ერთ ლარად გადაეცა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, კომპანიას სიმბოლურ ფასად, 49 წლის ვადით გადაეცა ფოთში მდებარე 5 239 კვ/მ ზღვის ფსკერზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. განკარგულების მიხედვით.
ქონების გადაცემის პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში „ფოთის ახალმა საზღვაო ნავსადგურმა“ არანაკლებ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც გულისხმობს მის საკუთრებაში არსებულ 6 უძრავ ქონებაზე ჰიდროტექნიკური და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას, კონფიგურაციის ცვლილებას და საჭიროების შემთხვევაში ექსპლუატაციაში მიღებას.
გარდა ამისა, აღნაგობის უფლების ვადა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს დამატებით 50 წლით, იმ პირობით, რომ შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნაგობის საბაზრო ღირებულების გადახდას ყოველწლიურად.
შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 75%-ს შპს „Pace ჯორჯია“ ფლობს, ხოლო 25%-ს აშშ-ში დაფუძნებული კომპანია PACE INTERNATIONAL LLC. თავის მხრივ შპს „Pace ჯორჯიას“ წილები ასე ნაწილდება: ლაურა ლარიონი - 38%; ირაკლი თათეიშვილი - 10%; თამაზ კაპანაძე - 4%; ირაკლი კერვალიშვილი - 38%; თეიმურაზ კერვალიშვილი - 10%.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.