ფოთში ახალი ნავმისადგომი აშენდება – კომპანიას ქონება 1 ლარად, 49 წლის ვადით გადაეცა – კომპანიამ აღნიშნული 1 ლარი ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს

შპს „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგური“ ფოთში ახალ ნავმისადგომს ააშენებს. შესაბამის განკარგულებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

მთავრობის განკარგულებით, კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1-ლარად აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა ფოთში მდებარე 5 239 კვ/მ ზღვის ფსკერზე არსებული ტერიტორია. განკარგულების მიხედვით, კომპანიამ აღნიშნული 1 ლარი ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მის საკუთრებაში არსებულ 6 უძრავ ქონებაზე უნდა განახორციელოს ჰიდროტექნიკური და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია, კონფიგურაციის ცვლილება და საჭიროების შემთხვევაში ექსპლუატაციაში მიღება. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში ინვესტიციის სახით არანაკლებ 5 მლნ აშშ დოლარი უნდა ჩადოს.

განკარგულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ ყოველწლიურად უზრუნველყოფს გადაცემული უძრავი ქონების აღნაგობის საბაზრო ღირებულების გადახდას, აღნაგობის უფლების ვადა შესაძლოა, დამატებით 50 წელი გაგრძელდეს.

რაც შეეხება კომპანიას, შპს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი დავით ნადირაშვილია. კომპანიის წილების უდიდეს ნაწილს, 75%-ს შპს „პეის ჯორჯია“ ფლობს, ხოლო 25%-ს აშშ-ში დაფუძნებული კომპანია PACE INTERNATIONAL LLC.

თავის მხრივ შპს “პეის ჯორჯია“ რეგისტრირებულია 2000 წელს, მისი დირექტორი ირაკლი თათეიშვილია. რაც შეეხება წილებს, ასე გადანაწილდა:

  • ლაურა ლარიონი – 38%
  • ირაკლი თათეიშვილი – 10%
  • თამაზ კაპანაძე – 4%
  • ირაკლი კერვალიშვილი – 38%
  • თეიმურაზ კერვალიშვილი – 10%

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს