ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით ალექსანდრ სტუბი ლიდერობს
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ხმების 80% - ის დათვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "კოალიციური პარტიის" კანდიდატი, ალექსანდრ სტუბი ლიდერობს.
თუმცა, პოლიტიკოსს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ არ მიუღია.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული პირველი მაჩვენებლები დამუშავებული ხმების 80% - ს ეფუძნება.
"იმაზე მეტი ხმაა, ვიდრე ველოდი. ასეთი მადლიერების გრძნობა აქამდე არასდროს მიგრძვნია. მზად ვარ, მეორე ტურში ნებისმიერთან გავიდე", - აღნიშნა სტუბმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სტუბი წინასწარი კენჭისყრით ლიდერობს 27.4% - ით. მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პეკა ჰაავისტო 25.2% - ით. 18.5% - ით მესამე ადგილზეა პრეზიდენტობის კანდიდატი „ნამდვილი ფინელების“ პარტიიდან, იუსი ჰალა-ახო.
კენჭისყრის საბოლოო შედეგები 23:00 საათის შემდეგ გამოცხადდება. ისინი ოფიციალურად გამოქვეყნდება 30 იანვრამდე.
თუ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს იმ ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გაიმართება, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.