ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი საჭიროების შემთხვევაში ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი1luler.amსომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაუშვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სომხეთმა შესაძლოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) დატოვოს.
ამის შესახებ ფაშინიანმა ბლოკ ძლიერი სომხეთის წარმომადგენელთან და სომხური წარმომავლობის რუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილთან, ნარეკ კარაპეტიანთან წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატში ილაპარაკა.
კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს ОДКБ-ში მონაწილეობა უკვე შეჩერებული აქვს და მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, მისი ოფიციალურად დატოვება ლოგიკურია. თუმცა, მანვე დაამატა, რომ სომხეთს აზერბაიჯანისგან მომავალი საფრთხისგან დასაცავად უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მოძიება სჭირდება.
“და დავტოვებთ ОДКБ-ს. ჩვენს შეშინებას ცდილობთ? არც თქვენ და არც თქვენი ბიძა არ წყვეტთ ამას. გადავწყვეტთ და დავტოვებთ. […] ჩვენ გადავწყვეტთ, უცხოეთის აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვაკეთოთ. არ დავუშვებთ, რომ ლუკაშენკო კვლავ ჩვენი გარანტიორი გახდეს”. – თქვა ფაშინიანმა კარაპეტიანის პასუხად.
ცნობისთვის, 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო ჩატარდება.
პარალელურად, სამველ კარაპეტიანს სომხეთში მთავრობის დამხობისკენ მოწოდებისთვის ასამართლებენ და ის ამჟამად შიდაპატიმრობაშია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში სომხეთმა განაცხადა, რომ ОДКБ-ში ურთიერთობებს გაყინავდა. ხელისუფლების თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკებების შემდეგ  ორგანიზაციამ უსაფრთხოების პრობლემებზე რეაგირება ვერ მოახდინა.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა, რომ 2022 წელს ОДКБ-ს მოკავშირეებმა, რომელთა შორის რუსეთიცაა, უარი თქვეს ვალდებულებების შესრულებაზე, რომ სომხეთისთვის “უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიები” მიეცათ.
“ეს სომხეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე იყო და აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და სუვერენიტეტის განულების გადაწყვეტილება იყო მიღებული.” – ამბობდა ფაშინიანი.