თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორმა ნოდარ სირბილაძემ რადიო კომერსანტთან საუბრისას ფასების კომისიის საქმიანობა შეაფასა. მისი თქმით, ფასების კომისია თავისი საქმიანობთი პროდუქტებს ვერ გააიაფებს, ამის პარალელურად კი ბიზნესგარემოს გააუარესებს.„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ფასების კომისიის ყოველდღიურ საქმიანობასა და ბიზნესთან მათი კომუნიკაციის ხარისხს. ფაქტობრივად, კომისიის მხრიდან ხდება ბიზნესის დადანაშაულება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იღებენ ისინი თავისი საქმიანობით მოგებას. როგორ შეიძლება ეს ნორმალური იყოს? სწორედ მოგებაა ის სტიმული, რის გამოც ბიზნესი თავის საქმიანობას ახორციელებს და თუ ჩვენ ამ სტიმულს გავანადგურებთ, მაშინ მივიღებთ პროდუქტების შეზღუდულ რაოდენობასა და დაბალ ხარისხს. როგორ შეიძლება ამაზე ვთქვათ, რომ სწორად ვიქცევით?რაც არ უნდა კეთილი მიზნებისთვის ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ჩარევა, საპირწონედ მივიღებთ იმაზე ცუდ მდგომარეობას ვიდრე ახლა გვაქვს. წელს, სანამ კომისია მუშაობს და ყოველკვირეულად ბიზნესებს იბარებს პარლამენტში, სურსათზე ფასები დაახლოებით 3-3.5 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა. ეს ტენდეცია ბუნებრივია და ასეც გაგრძელდება, სანამ არ გვექნება სწორი მონეტარული პოლიტიკა. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ერთგვარი რეპრესიული მიდგომა ბიზნესთან მიმართებაში. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, სწორედ თავისუფალი ბიზნესი განაპირობებს უფრო მეტი დოვლათის შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას, რასაც მოჰყვება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. თუ ჩვენ რეალურად ვდარდობთ ფასებზე, მაშინ უნდა დავინტერესდეთ ეროვნული ბანკის საქმიანობით“. – აცხადებს თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი ნოდარ სირბილაძე.

