11 წლის წინ მოკლული გოგა კვარაცხელიას საქმეში ოთარ ფარცხალაძის, ჯოხაძის და დავით და გიორგი მიქაძეების სახელები გამოჩნდა. მოკლული 21 წლის ახალგაზრდის ოჯახის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ.
ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე აცხადებს, რომ 11 წლის წინ გამოძიებას მოპოვებული ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა დავით დეკანოსიძის და თორნიკე კაჭარავას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი.
- თორნიკე კაჭარავა ამ დროისთვის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის მსჯავრს, დავით დეკანოსიძე კი გაურკვეველია სად იმყოფება (თუმცა არ დასტურდება, რომ მან ქვეყანა დატოვა).
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის გავლენიანი პირების ჩარევით, კერძოდ მიქაძეებისა და ჯოხაძეების თხოვნით, ფარცხალაძის მარჯვენა ხელმა, მიხეილ ჩოხელმა თორნიკე კაჭარავა სომხეთში გადაიყვანა და მხოლოდ “საქმის დალაგების შემდეგ” დაბრუნდა ის ჩვენების მისაცემად.
თორნიკე კაჭარავამ და დავით დეკანოსიძემ განახორციელეს ახალგაზრდა ბიჭის, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა. საქმე ამ დრომდე გაუხსნელი იყო იმ დროისათვის გავლენიანი პირების, ოთარ ფარცხალაძის, ჯოხაძის, მიქაძეების ჩართულობით. იმ დროისათვის გამოძიებას მოპოვებული ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა დავით დეკანოსიძის და თორნიკე კაჭარავას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი. მასრებზე ამოსული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნოდა თორნიკე კაჭარავას.
იმ დროისათვის გავლენიანი პირების ჩარევით, კერძოდ კი მიქაძეებისა და ჯოხაძეების თხოვნით, ფარცხალაძის მარჯვენა ხელმა, მიხეილ ჩოხელმა თორნიკე კაჭარავა გადაიყვანა სომხეთში და შემდგომ, როდესაც უკვე საქმე დაალაგეს, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა იგი ჩვენების მისაცემად.
ოჯახი ითხოვს, რომ დასჯილები იყვნენ არა მხოლოდ მკვლელობის ჩამდენები, არამედ ის პირები, ვინც უშუალოდ აფარებდა ხელს ამ პირებს,” – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ.
მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღნიშნულ საქმეზე კითხვები არავის დაუსვამს.
ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ შეუძლებელია გიორგი მიქაძეს გოგა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირი ჰქონოდა, რადგან 2015 წელს ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
არა, ასეთი კითხვები არ ყოფილა, მეცოდინებოდა ყოველ შემთხვევაში ვინმე რომ შეხმიანებოდა ამ ნაწილში, პირველად მესმის რეალურად მეც თქვენგან. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ამ თემასთან არანაირ კავშირში არ არის არც გიორგი მიქაძე და არც დავით მიქაძე.
გიორგი მიქაძეს ამ ფაქტთან ფიზიკურად იმიტომ ვერ ექნება შეხება, პირველ რიგში, რომ 2015 წელს მომხდარ მკვლელობაზეა საუბარი და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გიორგი მიქაძე საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა 2016 წელს. სადღაც 5 წელი, 2011-დან, 2016 წლამდე ის ქვეყანაში ფიზიკურად არ ცხოვრობდა. 2016 წლამდე ასევე არანაირი კავშირი არ ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთანაც იმის გამო, რაც უკვე გითხარით, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მკვლელობასთან ვერანაირ შემხებლობაში ვერ იქნება ფიზიკურად გიორგი მიქაძე,” – ამბობს შორენა ნიქაბაძე.
ცნობისთვის, გიორგი (გოგა) კვარაცხელიას 2015 წელს, თბილისში ბუდაპეშტის ქუჩაზე,საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, თავის არეში ესროლეს. როგორც იმ დროისთვის მედია წერდა, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
სანქცირებული ექს-პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ასევე ბრალდებულია ქოლ-ცენტრების საქმეზე, სადაც მას 10 პირთან ერთად ბრალი წარედგინა.
ოთარ ფარცხალაძეს ასევე ბრალს სდებენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.
ამასთან, ფარცხალაძესთან ერთად, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.




