ურკაინამ და რუსეთმა დაღუპული მეომრების ცხედრები გაცვალეს
გაცვლის შედეგად უკრაინაში დააბრუნეს დაღუპული მეომრების 100 ცხედარი, იტყობინება სამხედრო ტყვეების საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი. რუსეთის მხარეს გადაეცა 69 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრები, განუცხადა RBC-ს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა.
დაღუპულ სამხედროთა გვამების გაცვლა უკანასკნელად შედგა 16 თებერვალს. მაშინ უკრაინას დაუბრუნეს 58 დაღუპული, რუსეთს - 61.
ცნობაში არ არის დაზუსტებული, გადაეცა თუ არა უკრაინას იმ სამხედროთა ცხედრები, რომლებიც, რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს დაიღუპნენ სატრანსპორტო თვითმფრინავ ტუ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა უკრაინის 65 სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდში მიჰყავდათ გასაცვლელად.
1 მარტს რუსეთის ადამიანის უფლებების საკითხების რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინას გადასცეს თვითმფრინავში მყოფ სამხედროთა გვამები. მისი სიტყვებით, ის კონტაქტში იმყოფება უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულ დმიტრო ლუბინეცთან.
თებერვლის დამდეგს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ კიევმა არაერთხელ მიმართა მოსკოვს იმ სამხედროთა გვამების დაბრუნების თხოვნით, რომლებიც, რუსეთის ხელისუფლების თანახმად, ილ-76-ის ავარიისას დაიღუპნენ. მისი სიტყვებით, რუსეთის მხარეს ამ მიმართვებზე რეაგირება არ მოუხდენია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.