უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთს 31 დრონი ჩამოუგდეს

1 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს სამი მართვადი საავიაციო რაკეტით და 48 დრონით. ამის შესახებ დილით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
სარაკეტო შეტევა განხორციელდა უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატებით – რუსეთის ორიოლის და კურსკის ოლქებიდან.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, რუსეთის არმიის ტაქტიკურმა ავიაციამ მართვადი ავიაბომბებით დაარტყა ხარკოვის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქებს.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 31 რუსული დრონი, 14 „ლოკალურად დაიკარგა“, 3 კი ბელარუსის მიმართულებით წავიდა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ჩამოაგდეს ერთი რუსული რაკეტაც, დანარჩენებმა კი აქტიური ზემოქმედების შედეგად სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.
რუსეთის მორიგი შეტევის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა უკრაინის კიროვოგრადის, კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესის და პოლტავის ოლქებში.
უკრაინის საჰაერო ძალების წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, რაკეტების და დრონების ნამსხვრევებმა პოლტავის, ჩერკასის, კიევის და ოდესის ოლქებში დააზიანეს სახლები და რამდენიმე საწარმო.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი