უკრაინის ოთხ ოლქში, რუსების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა
უკრაინის ოთხ ოლქში, საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანებულია ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიევის ოლქებში.
ამასთან, უკრაინის ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, რუსული ძალები წუხელ თავს დაესხნენ თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც სამი ენერგეტიკოსი დაშავდა და სადგურის ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა.
„კიდევ ერთი რთული ღამე უკრაინის ენერგოსექტორისთვის. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს DTEK-ის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურს. ჩვენი სამი კოლეგა დაჭრილია. ექიმები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ. ასევე სერიოზულად დაზიანდა სადგურის ტექნიკა“, - აცხადებენ კომპანიაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.