3 ივნისს ექვსმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დემოკრატ კოლეგებთან ერთად, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრაზე გამოტანას, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების აქტის საბოლოო კენჭისყრაზე გატანის პროცედურულმა წინადადებამ უმრავლესობისთვის საჭირო 218 ხმა მიიღო, 204-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის ავტორი კონგრესმენი გრეგორი მიკსია, რომელიც პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყველაზე გავლენიანი დემოკრატი წევრია.
მიკსმა კანონპროექტი 2025 წლის აპრილში წარადგინა, თუმცა, მას აქამდე საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელი კონგრესმენის მხარდაჭერა არ ჰქონდა. აქტი, სხვა პუნქტებთან ერთად, მოიცავს უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების მიზნით $8 მილიარდის ოდენობის სესხების გამოყოფასა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) 2027 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას, რაც უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის კონტრაქტებისთვის, წვრთნებისთვისა და გრძელვადიანი დახმარებისთვის თანხების გამოყოფას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ამავე კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის პეტიციამ უმრავლესობის მხარდაჭერა გასულ თვეში მიიღო, რაც ნიშნავს, რომ კონგრესმენებმა ამ აქტის კენჭისყრაზე გამოტანა პარტიის ლიდერების მხარდაჭერის გარეშე, უბრალო უმრავლესობით გადაწყვიტეს.
გადამწყვეტი მომენტი კონგრესმენ კევინ კაილის მხრიდან კანონპროექტისადმი მხარდაჭერის გამოცხადება იყო, რომელიც წლის დასაწყისში “დამოუკიდებელი” გახდა. მისმა ხმამ პეტიციის ხელმომწერთა რიცხვი უმრავლესობისთვის საჭირო ზღვარს გადააცილა.
მაშინ პეტიციამ მხოლოდ ორი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ბრაიან ფიცპატრიკისა და დონ ბეიკონის, ხელმოწერები მიიღო, უკრაინის მხარდამჭერმა სხვა კონგრესმენებმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. მაგალითად, კონგრესმენმა კრის სმითმა განაცხადა, რომ პეტიციის სასარგებლოდ ხმას პრინციპულად არ მისცემდა.
“მსგავსი პეტიციების არ მჯერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონტროლი არ გვაქვს, მე ცოტა მათგანზე მაქვს ხელი მოწერილი.” – განუცხადა კონგრესმენმა სმითმა გამოცემა The Hill-ს და დაამატა, რომ მას ძირითადად “საკომიტეტო პროცესის” სჯერა.
The Hill ასევე წერს, რომ კანონპროექტის ტექსტი მოძველებულია, ვინაიდან USAI-ს დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე კონგრესმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის უფლებამოსილების აქტის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყო, რაც $400 მილიონს შეადგენს. ამასთან, კანონპროექტი NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვის ვალდებულება აიღონ მაშინ, როცა 2025 წელს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხრიდან წნეხი შედეგად, ალიანსის წევრების უმრავლესობამ თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვის პირობა დადო.
“ნებისმიერი, ვინც ამ კანონპროექტს მხარს უჭერს, ამბობს, რომ უკრაინამ $100 მილიონით ნაკლები დაფინანსება უნდა მიიღოს და რომ NATO-ს ქვეყნებმა ეროვნულ თავდაცვაზე მშპ-ს 2% უნდა დახარჯონ, ვიდრე – 5%. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას.” – განუცხადა გამოცემას რესპუბლიკური პარტიის გავლენიანმა წყარომ.
ამის მიუხედავად, აქტის მომხრეები ამბობენ, რომ ტექსტში არსებული შეუსაბამობების გასწორება სენატს შეუძლია, თუმცა, The Hill-ის ცნობით, ამჯერად მცირეა მოლოდინი, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი, ტრამპს არ დაემორჩილება და უკრაინის დახმარების კანონპროექტს კენჭისყრაზე გამოიტანს.
გამოცემის მიხედვით, უკრაინის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მიკსის კანონპროექტი აშშ-ს მხარდაჭერის მტკიცე სიგნალს უგზავნის უკრაინას მაშინ, როცა რუსეთი მათ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს აძლიერებს.




