უკრაინა: რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. უკვე ერთი კვირაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში ატარებენ სამხედრო ოპერაციას.
„მიუხედავად რთული და ინტენსიური ბრძოლებისა, ჩვენი ძალები განაგრძობენ წინსვლას კურსკის ოლქში და ჩვენი [ტყვეთა] “გაცვლითი ფონდი” იზრდება“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებზე ატარებენ შემოწმებებს და სტაბილიზაციურ ღონისძიებებს. იგი აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებისთვის გრძელდება „[საკითხების] ჰუმანიტარული მოგვარების შემუშავება“. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ზელენსკის არ დაუზუსტებია.
რუსული მხარის 12 აგვისტოს მტკიცებით, უკრაინელები კურსკში მხოლოდ 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ და წინსვლას ვეღარ ახერხებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.