ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა აცხადებს, რომ მის საზღვართან ბელარუსმა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ძალა შეკრიბა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ბელარუსის არმიამ, წვრთნების ჩატარების სახელით, მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალების კონცენტრაცია მოახდინა ბელარუს-უკრაინის საზღვარზე, გომელის ოლქში. უკრაინა ბელარუსის ნაბიჯს "არამეგობრულს" უწოდებს და მინსკს მოუწოდებს "არ ჩაიდინოს ტრაგიკული შეცდომა თავისივე ქვეყნისთვის, რუსეთის ზეწოლით".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის არმიის სამხედროების, ტანკების, არტილერიის, რაკეტების გაშვების სისტემების და საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ საზღვართან იმყოფებიან რუსეთის გასამხედროებული დაჯგუფების, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის ხელმძღვანელობას მიმართავს მოწოდებით გაიყვანოს სამხედროები უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ისეთი დისტანციით, რომელიც აღემატება ბელარუსში არსებული ცეცხლის სისტემების მოქმედების რადიუსს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ "უკრაინას არასოდეს გადაუდგამს და არ აპირებს გადადგას არანაირი არამეგობრული ნაბიჯი ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ის გამოიყენებს ყველა აუცილებელ ზომას თავდაცვისთვის, და სამხედროთა ყოველი კონცენტრაცია, ობიექტები და მომარაგების გზები ბელარუსში გადაიქცევა კანონიერ სამიზნეებად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის".
ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.
ერთი დღით ადრე, 24 აგვისტოს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ბელარუსში, წვრთნების სახელით, განათავსეს რუსეთის სამხედროები. 2022 წლის თებერვალში მათ გადაკვეთეს საზღვარი უკრაინასთან და შეტევა მოაწყვეს კიევის და გოსტომელის მიმართულებით, ბელარუსის ტერიტორიიდან ასევე წარმოებდა უკრაინის ქალაქების დაცხრილვა. საკუთრივ ბელარუსის სამხედროები არ მონაწილეობდნენ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის პროცესში.
ლუკაშენკას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ, მიუხედავად მოსკოვის მოქმედებების მისი მხრიდან მხარდაჭერისა, ბელარუსის არმია ომში ჩაერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დაესხმება თავს ბელარუსს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.