უკრაინამ ოკუპირებულ ოლეშკიში მოშიმშილე მოსახლეობას დრონებით 4 ტონა საკვები მიაწოდა

ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაუკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში მოშიმშილე მცხოვრებლებს დრონების საშუალებით დაახლოებით ოთხი ტონა საკვები მიაწოდეს.
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი ქალაქის 100-მდე წერტილზე განაწილდა. ოპერაციაში უკრაინის რამდენიმე სამხედრო და სამართალდამცავი დანაყოფი იღებდა მონაწილეობას.
უკრაინული ძალები ოლეშკიში საკვებს დრონებით 2026 წლის მარტიდან გზავნიან. ქალაქში მომარაგების მწვავე დეფიციტია, ევაკუაცია კი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო.
პროკუდინის თქმით, რუსული ძალები საკვების გადამტანი დრონების ჩამოგდებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ტვირთს კი იტაცებენ ან ყიდიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტები დახმარების მიმღებ მოსახლეობას აკავებენ, სარდაფებში კეტავენ და მათზე ძალადობენ.
ოლეშკი რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან არის ოკუპირებული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 24 000-დან 2 000-მდე შემცირდა.
25 სექტემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ ოლეშკიში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლის, ელექტროენერგიისა და სამედიცინო მომსახურების მწვავე დეფიციტი აქვს.
მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს, რაზეც მან პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა.
“მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან, თავი ბალახითა და სარეველათი გაიტანონ მაშინ, როცა მედიკამენტები, სუფთა წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო მომსახურება სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ამ პირობებში ბავშვებიც იმყოფებიან.” – თქვა სიბიჰამ.