უკრაინამ და ნორვეგიამ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნორვეგიის პრემიერმა, იონას გარ სტიორემ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციასა და Drone Deal-ის ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

“ნორვეგიის პრემიერმინისტრთან, იონას გარ სტიორესთან ერთად ხელი მოვაწერეთ Drone Deal-ის ფორმატის ფარგლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას – “ელისაბედის” შეთანხმებას, რომელსაც სახელი მთავარ იაროსლავ ბრძენის შვილის, ნორვეგიის დედოფლის საპატივსაცემოდ დაერქვა.

ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველსა და ჩვენი ხალხების სიმტკიცეს აძლიერებს. განსაკუთრებულ მადლობას ვიხდი მხარდაჭერის მაღალი დონის შენარჩუნებისა და 2027 წლისთვის დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის”. – წერს ზელენსკი.

ზელენსკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეებიდან გაწეული მხარდაჭერისთვის სტიორეს, ნორვეგიის მთავრობასა და მთლიანად ნორვეგიელ ხალხს მადლობას უხდის.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეს, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა კიევში უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

კიევში ოფიციალური ვიზიტით, მათ შორის, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ლატვიის პრემიერი ანდრის კულბერგსი, ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ესტონეთის პრემიერმინისტრი კრისტენ მიხალი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნორვეგიის პრემიერი იონას გარ სტიორე ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ