მილიონობით ლარი დანამატებზე და ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, 2023-2024 წლებში ცესკომ შრომის ანაზღაურებაზე 81 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, საიდანაც თითქმის 9 მილიონი ლარი თანამშრომლებზე დანამატების სახით გაიცა.
რაში დაიხარჯა ეს თანხები საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების წლებში? აუდიტის დასკვნა აჩვენებს, რომ პრობლემები გამოვლინდა როგორც შრომის ანაზღაურების, ისე სახელმწიფო შესყიდვებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო წლებში ცესკო თანამშრომლებზე დანამატებს გასცემდა იმ მოცულობით, რომელიც კანონით პირდაპირ არ იყო განსაზღვრული. თანხების გაცემის საფუძვლად შიდა სამართლებრივი აქტები გამოიყენებოდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებზე ხელფასები ირიცხებოდა, სამუშაო დროის აღრიცხვა სათანადოდ არ ხდებოდა.
აუდიტის დასკვნით, პრობლემებია სახელმწიფო შესყიდვების ნაწილშიც. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ტექნიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვისას ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა, რის გამოც შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ცესკო აუდიტს განუმარტავს, რომ მიმწოდებლებთან კომუნიკაცია პირადად მიმდინარეობდა, თუმცა აუდიტორების შეფასებით, ეს საკმარისი არ არის. მათი განმარტებით, აუცილებელია ბაზრის სრულფასოვანი კვლევა, შესყიდვის ობიექტის მკაფიო აღწერა და კონკურენტული გარემოს შექმნა, რაც საბოლოოდ ფასების ეფექტიან რეგულირებას უზრუნველყოფს.


