უზენაესმა დასაშვებად ცნო მიხაილ ტიმოფეევის ექსტრადიცია რუსეთში – ადვოკატი

ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი.
როგორც რადიო თავისუფლებას მჭედლიშვილმა განუცხადა, უზენაესმა გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე საქმის ზეპირ განხილვას ითხოვდა.ტიმოფეევის ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წერილობით მას ორშაბათს ჩაბარდება. მისივე თქმით, „იუსტიციის მინისტრთანაც საქმე და მიღებული გადაწყვეტილება ორშაბათამდე არ გაიგზავნება“.თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს.
მიმართვა იუსტიციის მინისტრსტიმოფეევის ადვოკატებმა იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას სახელზე მოამზადეს განცხადება, რომელშიც ითხოვენ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მინისტრმა უარი თქვას მის რუსეთისთვის გადაცემაზე.დაცვის მხარე რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს. მათი განცხადებით, ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, ოპოზიციონერი სერგეი ფურგალის ყოფილი თანაშემწეა, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2004-2005 წლების მოვლენებს უკავშირდება და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გააქტიურდა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ბრალდებები შესაძლოა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული.დაცვა ასევე მიუთითებს ხანდაზმულობის საკითხზე. მათი განცხადებით, ტიმოფეევმა რუსეთი 2020 წლის 24 თებერვალს დატოვა, ბრალი კი მოგვიანებით, 2021 წელს წარუდგინეს. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არის დამაჯერებელი მტკიცებულება, თითქოს მან ქვეყანა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით დატოვა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტიმოფეევთან დაკავშირებული მონაცემები INTERPOL-ის სისტემიდან წაიშალა. დაცვის მხარე ამას დამოუკიდებელ საერთაშორისო ინდიკატორად აფასებს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური დევნის საბოლოო სამართლებრივ დადგენას არ ნიშნავს.ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ ტიმოფეევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. განცხადების თანახმად, მას ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა აქვს, მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი და შეზღუდული აქვს გადაადგილება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის პენიტენციურ სისტემაში მისი მოთავსებისა და ტრანსპორტირების შემთხვევაში ეს გარემოებები დამატებით რისკებს ქმნის.დაცვის კიდევ ერთი არგუმენტია რუსეთის მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიების შესრულებისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის შესაძლებლობა. ადვოკატების განცხადებით, მხოლოდ ფორმალური გარანტიები ვერ გამორიცხავს არაადამიანური მოპყრობის შესაძლო რისკს.განცხადებაში დაცვის მხარე ასევე ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეს Sumbayev v. Georgia და აღნიშნავს, რომ ამ საქმეში საქართველოს მთავრობამ სასამართლოს აცნობა რუსეთისთვის ექსტრადიციებთან დაკავშირებით არსებული მორატორიუმის შესახებ. ადვოკატები ითხოვენ შეფასდეს, შეიცვალა თუ არა მას შემდეგ გარემოებები, რომლებსაც საქართველოს მაშინდელი პოზიცია ეფუძნებოდა.დაცვის მხარე საბოლოოდ იუსტიციის მინისტრს სთხოვს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რისკების, საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და ჰუმანიტარული საფუძვლების გათვალისწინებით, უარი თქვას ტიმოფეევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციაზე.
ბრალდება და დაცვის პოზიციატიმოფეევი თბილისში 2026 წლის 23 იანვარს დააკავეს რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მაშინ, როდესაც INTERPOL-ის სისტემაში მასზე აქტიური წითელი ცირკულარი აღარ არსებობდა.59 წლის კაცის ექსტრადიციას რუსეთი მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების საქმეზე ითხოვს. საქმე 2004-2005 წლებით თარიღდება და ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს უკავშირდება.თავად ფურგალს ამავე საქმეზე 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ტიმოფეევი ფურგალის კონკურენტების განადგურების მიზნით შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო.
სერგეი ფურგალი
მიხაილ ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.საჯარო წყაროების თანახმად:მიხაილ ტიმოფეევი სერგეი ფურგალის თანაშემწედ მუშაობდა, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო [2007-2011 წლებში] რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.როდესაც სერგეი ფურგალი ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორად აირჩიეს, მას აქტიურად ეხმარებოდა მიხაილ ტიმოფეევი.
როგორც პროკურორმა თემურ ცინდელიანმა რადიო თავისუფლებას 4 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიხაილ ტიმოფეევის პოლიტიკური საქმიანობა და, შესაბამისად, მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა არ დასტურდება.დაცვის მხარის განმარტებით კი, „პოლიტიკური დევნის არსებობისთვის ფორმალური პარტიული წევრობა აუცილებელი არ არის“.დაცვის მხარე აცხადებდა, რომ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება გადაუდებელი მექანიზმია, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, მათ შორის მაშინ, როდესაც პირის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლისთვის ან არასათანადო მოპყრობისგან დაცვისთვის სერიოზული და შეუქცევადი ზიანის რისკი.