რუსეთში ქართული დიასპორა: მცხეთაში “რუსეთისა და საქართველოს ერთა მეგობრობის” ხატი აკურთხეს

“რუსეთისა და საქართველოს ერთა მეგობრობის” ხატირუსეთში ქართული დიასპორარუსეთში ქართული დიასპორის ცნობით, 10 სექტემბერს მცხეთაში, სამთავროს მონასტერში “ერთად ვლოცულობთ” პროექტის ფარგლებში ხატი სახელწოდებით “რუსეთისა და საქართველოს ერთა მეგობრობა” აკურთხეს.
“საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებისთვის პირველი ხატები აკურთხეს. ხატები წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან აკურთხეს. მალე ისინი რუსეთში გაიგზავნება.” – წერს დიასპორა საკუთარ Telegram-არხზე.
აღნიშნულ ხატზე წმინდა მამა გაბრიელი და წმინდა სერაფიმ საროველი არიან გამოსახულნი.
დიასპორის პრეზიდენტის, დავით ცეცხლაძის, დავალებით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან საქართველოში ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი ლაშა ციცილაშვილი ჩამოვიდა.
ცნობისთვის, რომ პროექტი “ერთად ვლოცულობთ” რუსეთში ქართული დიასპორის ინიციატივით დაიწყო. ამის შესახებ ორგანიზაციამ 25 აგვისტოს განაცხადა.
“ჩვენ უბრალოდ ძღვენს არ ვცვლით. ჩვენი ერების მფარველებს ვაკავშირებთ, რათა ვაჩვენოთ: სულიერი ნათესაობა ნებისმიერ პოლიტიკურ გარემოებაზე უფრო ძლიერია. დაგეგმილია ასობით მართლმადიდებლური ხატის გაცვლა – საქართველოდან რუსეთში და პირიქით. ეს ისტორიულ პრეცედენტს ქმნის”. – თქვა ცეცხლაძემ აგვისტოში.
ორგანიზაცია წერს, რომ პროექტის ფარგლებში რუსეთსა და საქართველოს შორის სიწმინდეების გაცვლა და სხვა მართლმადიდებლური ინიციატივების ჩატარება იგეგმება.
“პირველი ხატები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ქართული ეროვნული და კულტურული გაერთიანებების ხელმძღვანელებმა საკუთარი სახსრებით დაამზადეს. უკვე ოქტომბერში ისინი რუსეთის მართლმადიდებელ ტაძრებს საჩუქრად გადაეცემათ” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.