ივანიშვილის დეპუტატი, რეჟიმის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი სოზარ სუბარი მანქანების განბაჟების საფასურის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. სუბარის თქმით, საფასურის გაზრდის შემდეგ ბევრი ადამიანი მანქანის შეძენას ვეღარ შეძლებს.
“კანონი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, უფრო მაინც ამკრძალავია და არა შემზღუდავი. თითქოს, შემზღუდავი ჰქვია, მაგრამ ისეთი გადასახადი შემოგვაქვს, რომელიც უფრო ამკრძალავი ხდება. ჩვენ იმ მოქალაქეების მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ, რომელთა მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია […]
თბილისში ვცხოვრობთ და გამონაბოლქვი და სმოგი ყველას გვაწუხებს, მაგრამ საქართველო მარტო თბილისი არაა. მაგალითად, ჩემს სოფელში სოფლის დასაწყისში პირველი სახლიდან ბოლო სახლამდე 11 კილომეტრია – 10 კილომეტრია უახლოეს სოფლამდე და 80 კილომეტრია მუნიციპალურ ცენტრამდე. შეგვიძლია იგივე ვთქვათ შუაფხოდან ან შატილიდან დუშეთში წამოსვლაზე. ყველა მუნიციპალიტეტი დაახლოებით ერთი და იგივე მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად მოწესრიგებული არ არის, რომ ადამიანებს შეეძლოთ მაქანაზე უარი თქვან. მანქანა სჭირდებათ და უამრავი ადამიანი მართლა ვერ ყიდულობს, მართლა ვერ შეწვდება ცოტა გაძვირებულ ავტოტრანსპორტს. ამიტომ, დიფერენცირებულ გადასახადს გთავაზობთ, რომელიც 1 წლით დაძველებულ მანქანაზე ნელ-ნელა გაიზრდება”. – თქვა სუბარმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საკითხს I მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, ძვირდება 6 წლამდე მანქანების განბაჟების საფასურიც
რა დაგიჯდებათ 6+ წლოვანების მანქანის შემოყვანა კობახიძის გადაწყვეტილებით
საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე განბაჟების საფასური 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის – 4.5 ლარი იქნება.
“კანონპროექტის ძირითადი არსია მსუბუქ ავტომობილებზე (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიცია) დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილება, რაც ითვალისწინებს 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე, ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესებას, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას. აღნიშნული მიზნით, სსკ-ის 188-ე მუხლს ემატება მე-12 და მე-13 ნაწილები, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება, ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით”. – წერია კანონპროექტში.