ტრამპი: თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ბირთვულ მასალას არამეგობრული გზით გამოვიტანთ

-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიNeil Hall/EPA/Bloombergაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან ისეთ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, რომლის ფარგლებშიც აშშ, ირანულ მხარესთან ერთად, ირანის დაბომბილ ბირთვულ ობიექტების ქვეშ დამარხულ ბირთვულ მასალას ამოთხრის და ირანიდან გამოიტანს, ამას აშშ “უფრო არამეგობრული გზით” გააკეთებს.
“ჩვენ ირანთან ერთად შევალთ და მას [ბირთვულ მასალას] ამოვიღებთ და მის 100%-ს აშშ-ში დავაბრუნებთ. თუ ამას არ ვიზავთ, ჩვენ ამ მასალებს სხვა ფორმით, უფრო არამეგობრული გზებით, გამოვიტანთ” – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს.
ცნობისთვის, გუშინ  აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას მომდევნო “ერთ-ორ დღეში” მოელის. მისივე თქმით, აშშ-სა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან.
“შეთანხმებას 1-2 დღეში მოველით” – ტრამპის თქმით, ირანი ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს
ამასთან, Bloomberg-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე დათანხმდა, ხოლო ამის სანაცვლოდ თეირანი არანაირ გაყინულ თანხებს არ მიიღებს.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი “აღარასდროს ჩაკეტავს” ჰორმუზის სრუტეს.
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს ჩაკეტავენ
“ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს ჩაკეტავენ. მას აღარასდროს გამოიყენებენ იარაღად მსოფლიოს წინააღმდეგ.” – დაწერა ტრამპმა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის “სრულად გახსნილად” გამოაცხადა. ტრამპი ასევე წერს, რომ ირანი აშშ-ს სრუტის წყალქვეშა ნაღმებისგან გაწმენდაშიც დაეხმარება.
ირანმა ჰორმუზი სავაჭრო გემებისთვის “სრულად გახსნა” – აშშ-ს საზღვაო ბლოკადა კვლავ ძალაშია
17 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ X-ზე დაწერა, რომ “ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდისთვის ჰორმუზის სრუტის გავლით ყველა კომერციული გემისთვის მიმოსვლა სრულად გაიხსნა”.
ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა უარყო, რომ ჰორმუზის გახსნაზე ირანთან შეთანხმება კავშირშია ლიბანში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. მანამდე არაღჩიმ დაწერა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ მიმოსვლას “ლიბანში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად” ხსნიდა.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ირანთან მიმართებით დაწესებულ საზღვაო ბლოკადას მანამ, სანამ “ირანთან გარიგება 100%-ით არ დამთავრდება”.
Truth Social-ზე ტრამპმა ასევე დაწერა, რომ აშშ ირანისგან “ბირთვულ მტვერს” მიიღებს, რომელიც “B2-ის ტიპის ბომბდამშენებმა შექმნა,” რაშიც ტრამპმა გასული წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის სპეცოპერაცია იგულისხმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების ფარგლებში არ მოხდება მხარეებს შორის “ფულის გაცვლა,” რითაც მან, როგორც ჩანს, უარყო გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც აშშ და ირანი მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობის სანაცვლოდ, აშშ ირანს 20 მილიარდ დოლარამდე გაყინულ სახსრებს გაუთავისუფლებს.
ამასთან, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ მას NATO-მ დაურეკა და ჰკითხა, სჭირდება თუ არა აშშ-ს დახმარება: “მე მათ ვუთხარი, თავი შორს დაიჭირონ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ თავიანთი გემების ნავთობით დატვირთვა სურთ”. – დაამატა მან.