“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი ტატა ხვედელიანი:
ვუყურე ღია ეთერს სანქცირებული „იმედის“ ეთერში, სადაც, ჩვეული დემაგოგიით, სამინისტროს წარმომადგენლები კვლავ ცდილობდნენ ზოგადი განათლების რეფორმის „სარგებელი“ დაემტკიცებინათ.
თუმცა, პროპაგანდისტრული მედიის მიერ სიმკაცრით შერჩეულ აუდიტორიაშიც კი დაისვა კრიტიკული კითხვები, რომლებზეც პასუხებმა, მათი კომპეტენციის ნაკლებობას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი.
არც ერთხელ უხსენებიათ ბავშვების შიმშილი ჩვენს ქვეყანაში; ის, რომ ჯერ კიდევ გვაქვს სკოლები, სადაც ზამთარში ბავშვები შეშის ღუმელით თბებიან; რომ მოსწავლეებს ხშირად ორ და სამ ცვლაში უწევთ სწავლა; რომ ბევრ ბავშვს განათლების მისაღებად კილომეტრების გავლა უწევს დანგრეულ გზებზე. 12 წლის მაგივრად 10 წელზე რო დაიყვანეს ზოგადი განათლება.
არც ის უხსენებიათ, რომ ისინი წარმოადგენენ ხელისუფლებას, რომელმაც ბაღების, სკოლების აშენებისა და ბავშვების კვებისთვის განკუთვნილი ფული შეჭამა, რომ ხელისუფლების წევრები არიან, რომლებიც თავისივე შექმნილ განათლების სისტემას არ ენდობიან.
არ უხსენებიათ, რას აკეთებენ იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა შეწყვიტონ ერთმანეთის ხოცვა სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
ვერ უპასუხეს კითხვებს მასწავლებლების, განსაკუთრებით კი დამრიგებლების, ანაზღაურებასა და დატვირთვაზე; იმ ქაოსზე, რომელიც მასწავლებელთა ახალი სქემის დანერგვამ შექმნა სკოლებში; პოლიტიზებული დირექტორების ქცევასა და მასწავლებელთა უფლებების დაუცველობაზე – მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვები მათ სტუდიაში დაუსვეს.
მიქანაძე, კობახიძის დავალებით, ისევ „აღწევს“ სოციალურ თანასწორობას – ფორმების ჩაცმითა და იმ მშობლების დასჯით, რომელთა შვილებსაც ფორმის შეძენა არ შეუძლიათ.
საბოლოოდ მათივე არხზეც კი ვერ დაიცვეს კობახიძის მიერ დაწერილი, რეფორმად წოდებული განათლების სისტემის ნგრევის კონცეფცია.




