„სწორედ ამიტომ არის ქართული ოცნების და ნაც. მოძრაობის შერკინება, ბრძოლა “ჭეშმარიტი მესიის” გამოსავლენად“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს:
„როდესაც შიდა პარტიულ დისკუსიაში მთავარი არგუმენტი ხდება არა პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის სისწორე, არამედ ბელადის ერთგულება, პარტია იქცევა მონოთეისტურ რელიგიურ ორგანიზაციად, სექტად, ხოლო მისი მხარდამჭერები მრევლად.
სწორედ ამიტომ არის ქართული ოცნების და ნაც. მოძრაობის შერკინება, ბრძოლა “ჭეშმარიტი მესიის” გამოსავლენად, რასაც პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მყვირალა, აგრესიული ქცევით ახდენენ ამ სივრცის სრულ მონოპოლიზებას.
ყველა, ვინც ამ ბრძოლის მიღმა რჩება, ორივე მხრიდან ცხადდება “ათეისტად და ანათემას გადაეცემა”…
ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი პარადოქსი – რაც ყოფს ამ ორ “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” გადაკიდებულ ორგანიზაციას, იგივე აერთიანებს საერთო მიზნის ირგვლივ – აქციონ პოლიტიკა არა ცივი გონებით, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობად, არამედ შეურიგებელ, სასტიკ “საღვთო ომად”, რომელიც არასოდეს მთავრდება და მხოლოდ საზოგადოებრივი დეგრადაციისკენ მივყავართ…“