სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის: დღეიდან ვიწყებთ მობილიზაციას, ზღაპრის ბოლო კეთილია
სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და წერს, რომ დღეიდან სრულ მობილიზაციას იწყებენ.
მათი თქმით, დღეს ქართული საზოგადოება საქართველოს პუტინისტური ხელისუფლების რეალურ სახეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა და გასული წლის მსგავსად, არც ახლა აპირებენ უკან დახევას.
"რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება კრემლში და არა თბილისის რომელიმე კაბინეტში. დირექტივა მოდის იქიდან, საიდან მართვაზეც ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად 33 წლის წინ, რეფერენდუმით თქვა უარი! რუსეთი ისევ, ამჯერად საქართველოში არსებული ხელისუფლების ხელით ცდილობს ქვეყნისთვის პერსპექტივისა და მომავლის წართმევას. ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელს არ მივეცით ამის საშუალება ხელისუფლებაში მყოფ კოლაბორაციონისტებს, არც ამჯერად ვაპირებთ უკან დახევას, პირში წყლის დაგუბებას და რუსული დაკვეთის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობის მიცემას.
ქართული ახალგაზრდობა, სტუდენტობა, საკუთარი დუმილით ვერ გახდება ქვეყნის რუსეთიზაციის თანამონაწილე! სწორედ ამიტომ, განცხადებაზე ხელმომწერი ახალგაზრდული ორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ ყველა ხელთ არსებული საშუალებით დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას. არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა განვითარების დასავლური რელსებიდან გადაიყვანოს და კვლავ რუსულ მარწუხებში დააბრუნოს, საკუთარი ავტოკრატიული ვნებებით. დღეიდან ვიწყებთ სრულ მობილიზაციას, საზოგადოებისა და ჩვენი თაობის წარმომადგენლების ინფორმირებას, რათა რეჟიმმა ვერ შეძლოს ზემოთ აღნიშნული მიზნების სისრულეში მოყვანა! ერთად დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს და კვლავაც ვიტყვით: ზღაპრის ბოლო კეთილია!" - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.