ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადევნების ფაქტზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი ამხილა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ყ.უ. ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატურად სთხოვდა.
„ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, მას მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია „whatsapp“-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.