სკვერში 14 წლის მოზარდს რკინის ატრაქციონის დაეცა – მოზარდის მძიმე ტრამვები და გამგეობის პასუხი

16
ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე, სკვერში 14 წლის მოზარდს რამდენიმეტრიანი რკინის კონსტრუქცია – სარწეველა საქანელა დაეცა, რის შედეგადაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. შემთხვევა 22 ივნისს მოხდა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოზარდს თავის ქალა აქვს დაზიანებული, გატეხილი აქვს ხერხემალი და ფუძის ძვლები.
თვითმხილველები “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებენ, რომ სამი არასრულწლოვანი საქანელაზე ქანაობდა, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მოპირდაპირე მხარეს, ნახევარ მეტრში არსებულ სკამზე გადაინაცვლა. ადგილობრივების თქმით, ადგილიდან მთლიანი კონსტრუქცია — რკინის საქანელა მოწყდა და ბავშვს დაეცა. მან გონება ადგილზე დაკარგა.
მომხდარს ნაძალადევის რაიონის გამგეობა გამოეხმაურა:
“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა მოზარდმა.
მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო ყველა სტანდარტის დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის.
თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას.
მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს,” — ვკითხულობთ განცხადებაში.
–ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობას გულისხმობს.