სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!

 „თავისუფლების მოედნის” წევრი, სიმონ ჯანაშია:

დავით ხომერიკს დააბრალეს რომ ასაფეთქებელს აკეთებდა. საბა ჯიქიას, რომ აქციაზე გაშლილი დანით დასდევდა პოლიციელებს. სიმონ მახარაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. მათ ნაწილს უკვე 2 წელზე მეტი აქვს ციხეში დაკარგული და კიდევ ამდენივე უნდა დაეკარგა. დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს 3-3 წელი უნდა ეყურებინათ სამყაროსთვის საკუთარი საკნებიდან.

გუშინ ვუყვებოდი ზუსტად ჩემ კოლეგას, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილი ციხეში იმიტომ ზის, რომ პარლამენტის ჭიშკარზე აძვრა და მოღრეცილი ორნამენტი გაასწორა. დააბრალეს სახელმწიფო შენობის დაზიანება. ორ წელზე მეტ ხანს იჯდა ციხეში.
ამაში ჩართეს მოსამართლეები, პოლიციელები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები. ასობით ადამიანი გასვარეს, იმისთვის, რომ ქართულ ოცნების წევრებს, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ახლაც, ეს ბიჭები სწორედ ამიტომ შეიწყალეს, რომ ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი დაეხმარება სკამები და კორუფციის შესაძლებლობა არ დაკარგონ.
გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა! იციან, რომ სანამ სამართალი არ იქნება, არ იქნება მშვიდობა! ეს კი იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც წლების განმავლობაში ამ ხალხის სახელები არ დაივიწყა, მათთვის წვიმაში, ქარში, სიცხესა და სიცივეში იბრძოლა და აგრძელებს ბრძოლას.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! დღეს ერთ-ერთის, გური მირცხულავას დაბადების დღეა. გურის გაუმარჯოს!
ვიდეო: George Tchanturia