ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს"

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს"

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარი აქტს" - საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში.
კანონპროექტის სრული დასახელებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (აბრევიატურა - MEGOBARI) და ის თავდაპირველად გასული წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.
5 მარტს "მეგობარი აქტი" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი - რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:
· მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
· გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
· ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
· უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.