სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება.
საგადასახადო კოდექში ცვლილებების პროექტი ქართულმა ოცნებამ მოამზადა და პარლამენტში განსახილველად უკვე დააინიცირეს.
“მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან. ამავე დროს, ანალოგიური შეღავათი არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, აქციზური საქონლის (მათ შორის, მსუბუქი ავტომობილის) შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს ეკისრება აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობა და ნეიტრალურობა, სახელმწიფოს უწევს საკუთარი აქტივის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რასაც ეკონომიკური შინაარსი არ გაააჩნია და საჭიროებს დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას”. – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორების თქმით, როდესაც აქციზის გადასახადით დასაბეგრი საქონელი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება მოახდინოს მისთვის გადაცემული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა და შესაბამისად, აქციზის გადასახადით დაბეგვრა, რაც “დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას”.
ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცეს
ცნობისთვის, 17 მარტს ივანიშვილის პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე განბაჟების საფასური 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის – 4.5 ლარი იქნება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებას მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11 წავიდა.
ცვლილება არ შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები.