საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობიდან” გარიცხეს

22 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარტნიორობიდან გარიცხა. გადაწყვეტილება მიიღო OGP-ის მმართველმა კომიტეტმა OGP-ის რეაგირების პოლიტიკის შესაბამისად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა გადახედვის პროცესს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც მმართველმა კომიტეტმა დროებით შეაჩერა საქართველოს მონაწილეობა და მოუწოდა მთავრობას, ზომები სამოქალაქო სივრცესთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეშფოთებების აღმოსაფხვრელად რეფორმები გაეტარებინა.
პარტნიორობა აცხადებს, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, არ მიღებულა არც გეგმა და არც ოფიციალური კომუნიკაცია, რომელიც აღწერდა ამ შეშფოთებების აღმოსაფხვრელად გადასადგმელ ნაბიჯებს.
OGP წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების სამუშაო გეგმის ან ანგარიშგების არარსებობის პირობებში, რომელიც დაადასტურებდა გამოსასწორებელი ზომების გატარებას, მმართველი კომიტეტი დაეყრდნო დამოუკიდებელი მესამე მხარის შეფასებებს, რომლებიც მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საქმიანობის გარემოზე მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ შეზღუდვებზე, აგრეთვე ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე.
მმართველმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ OGP-ში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები, მათ შორის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მხარდამჭერი გარემო, აღარ არსებობს.
“ღია მმართველობის პარტნიორობა ეფუძნება პრინციპს, რომ მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეძლონ თანამშრომლობა ისეთ გარემოში, რომელიც იცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ყოვლისმომცველი და სამართლიანი გადახედვის პროცესის შემდეგ, დადგინდა, რომ ეს პირობები ამჟამად საქართველოში არ არის დაკმაყოფილებული” – განაცხადა აიდან ეიაკუზემ, ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელმა დირექტორმა.
“OGP აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და რეფორმატორების მნიშვნელოვან როლს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წინსვლაში, ხშირად რთულ პირობებში” – დაამატა მან.
“ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შესაბამის დროს კვლავ შეუერთდება ღია მმართველობის პარტნიორობას, როდესაც პირობები გაუმჯობესდება და მნიშვნელოვან საქმეში –  შიდა და გლობალური თანამშრომლობის გზით მთავრობის ადამიანებისთვის უკეთ მუშაობაში – კვლავ შეიტანს ენერგიასა და ერთგულებას” – დასძინა ეიაკუზემ.